ქართული ოცნება საჯარო სექტორში პრემია-დანამატების სისტემის დაბრუნებას გეგმავს. მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს. ინიციატივა ითვალისწინებს იმ მექანიზმის აღდგენას, რომელიც წლების წინ კორუფციული რისკების მოტივით შეიზღუდა.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის წევრთა მოადგილეებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებსა და მუნიციპალიტეტის მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღება კვლავ შეეძლებათ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით მსგავსი ანაზღაურება ამ თანამდებობის პირებისთვის შეზღუდულია, ახალი ცვლილებებით კი მათ საქმიანობის „წახალისების“ შესაძლებლობა ექნებათ.
განმარტებით ბარათში წერია, რომ „სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის შრომის სტიმულირების მნიშვნელოვან მექანიზმს“. ასევე აღნიშნულია, რომ სწორედ ამ პირთა წრეზე მოდის „განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების ძირითადი ტვირთი“, რის გამოც ფინანსური წახალისება „მნიშვნელოვან ბერკეტად“ განიხილება.
ცვლილებების ფარგლებში იზრდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა ზღვარიც - თუ აქამდე მათი რაოდენობა საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის მაქსიმუმ 10% შეიძლებოდა ყოფილიყო, ახლა ეს მაჩვენებელი 15%-მდე ადის. ინიციატორების განმარტებით, ეს ცვლილება 2024 წელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება, რის შედეგადაც რამდენიმე ხელმძღვანელი პოზიცია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა კატეგორიაში გადავიდა.
კანონპროექტის ავტორების განცხადებით, 2026 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, ამიტომ დანამატებისა და ჯილდოების გაცემა არსებული საბიუჯეტო რესურსის ფარგლებში მოხდება, თუმცა მომდევნო წლებში შესაბამისი ხარჯები ბიუჯეტებში დამატებით აისახება.
